საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Saturday, December 13, 2014



  კვლევა მე-3



კვლევის მიზანი:  კვლევის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა მიაჩნიათ მოსწავლეებს ემოციურ ძალადობად.



პრობლემა: ზოგიერთი ბავშვის ემოციური გულგრილობა, მოწყენილობა, დეპრესიულობა გულჩათხრობილობა და აგრესიულობა.


სამიზნე ჯგუფი: მე-6, მე-11 და მე-12 კლასის 100 მოსწავლე

კვლევის საგანი: მასწავლებლისა და მოსწავლის დამოკიდებულებაზე დაკვირვება.


გამოყენებული მეთოდები:


  • მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეზე საგაკვეთილო პროცესში;
  • ანონიმური გამოკითხვა;
  • დისკუსია.

ჩატარების ადგილი: აგარის საჯარო სკოლა

ჩატარების დრო: 2014 წლის დეკემბერი



       ემოციური ძალადობა არის სიტყვები და მოქმედებები, რომლებიც არღვევენ სწორ ემოციონალურ განვითარებას და ბავშვის საზოგადოებრივ ადაპტაციას. ემოციური ძალადობა არის 2 სახისა:

  • ემოციური გულგრილობა, რომელიც ვლინდება გულცივობასა და უყურადღებობაში მოსწავლის საჭიროებების მიმართ;
  • მეორე სახის ემოციური ძალადობა მოიცავს ბავშვის აღზრდის ისეთ პრინციპებს, როგორებიც არის ძალის გამოყენება, დამცირება, აბუჩად აგდება და იგნორირება.
     ემოციური ძალადობა ბავშვის ფსიქიკაში ტოვებს ღრმა ნაწიბურებს, რომლებმაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მის მომავალ ცხოვრებაზე. ემოციური ძალადობის ძირითადი შედეგებია დაბალი თვითშეფასება და კომპლექსურობა, პრობლემები პირადი ურთიერთობების აწყობისას. დაკომპლექსება ხდება ბავშვის იმაში დარწმუნების მიზეზი, რომ ყველა დანარჩენები კარგები არიან, ის კი არის ცუდი, რომ მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება სრულიად გამართლებულია. შედეგად ბავშვის ემოციური განვითარება ძლიერ ფერხდება, რადგან საკუთარ ემოციებში გაურკვევლობის გამო მოსწავლე შემდგომში ვერ შეძლებს  ირგვლივმყოფების ემოციის გაგებას. ყველაფერი ეს გადაიზრდება უნდობლობაში, რაც ხელს უშლის ინტერპერსონალური ურთიერთობების აწყობას.
      კვლევის ჩატარება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ხშირად მაქვს ურთიერთობა ისეთ ბავშვთან, რომელიც ემოციურად გულგრილია, ან მოწყენილობა და დეპრესიულობა ტანჯავს, ან კიდევ გულჩათხრობილობა და აგრესიულობა. მაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ მოსწავლეები ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ პირველ ეტაპზე მივმართე დაკვირვებას საგაკვეთილო პროცესის დროს, შემდეგ ჩავატარე დისკუსია, ბოლოს კი -ანონიმური გამოკითხვა, რის შედეგადაც ასეთი სურათი მივიღე:



         მე-6 კლასელები წერენ:


     როცა მასწავლებელი შენიშვნას მაძლევს, ხან ვითვალისწინებ და ხან-არა, მაგრამ თუ მსაყვედურობს, ვცდილობ, გამოვასწორო, მაგრამ თუ შეურაცხმყოფს, ზიზღის გრძნობა მიჩნდება.
   მასწავლებლის შენიშვნაზე ვიბნევი ხოლმე, ჩემი თავის მრცხვენია და ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები. ამ დროს მგონია, რომ ჩემი დანაშაული" უპატიებელია". 
   ჩვენ, ბავშვებს, გვეუფლება დიდი შიში, რომ მასწავლებელმა არ გვცემოს.
   მასწავლებლის შენიშვნის ან საყვედურის დროს ვღონდები, გული ძალიან მიჩქარდება და სახლში მისული ტირილს ვიწყებ.
   როცა მასწავლებელი შენიშვნას მაძლევს, შინაგანად ცუდად ვხდები, ამიტომ ბოდიშს ვიხდი.
   მასწ-ლი როცა მსაყვედურობს, მასზე კი არ ვბრაზდები, არამედ ჩემს თავს ვადანაშაულებ, თუ როგორ დავუშვი-მეთქი ეს შეცდომა, ეს როგორ დამემართა-მეთქი, ვეუბნები ჩემს თავს.



       მე-11 და მე-12 კლასელები ასეთ რამეს წერენ:


  მე მესმის, რომ მასწავლებელი ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს, მაგრამ თუ ის ზეწოლას ახდენს ჩემზე, მემუქრება, ან მაიძულებს, დავწერო დავალება და ა.შ. ეს მთრგუნავს და უფრო მიკარგავს სწავლის ხალისს.
   არის შემთხვევები, როცა მადარებენ ვინმე სხვას. ამ დროს მიჩნდება ის გრძნობა, რომ მე მე ვარ და არავინ სხვა. ყველა ადამიანი თავის თავს ჰგავს და მე ვერავის დავემსგავსები.
   როდესაც მასწ-ლი მაიძულებს გაკვეთილის მოყოლას, როცა არ ვიცი, ან ხასიათზე არ ვარ და მაკრიტიკებს კლასის წინაშე, მე მეუფლება შეგრძნება, რომ ჩემი უფლებები ირღვევა, ამ დროს მიჩნდება პროტესტის გრძნობა, თუმცა ვერ გამოვხატავ, ვერ ვეწინააღმდეგები მასწ-ლის ან მშობლის პოზიციას. თუ მასწ-ლი ან მშობელი მაიძულებს, ჩემი სურვილის საწინააღმდეგო საქმე გავაკეთო, ამ საქმეს ვაკეთებ უყურადღებოდ და უგულოდ.
    მასწ-ლი როცა მსაყვედურობს, ვიღებ შენიშვნას და ვითვალისწინებ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გვტკენენ გულს და ამას ვერ აცნობიერებენ. ზოგჯერ მასწ-ლი იმდენად ღრმად ეხება მოსწავლის სულს, რომ ამით დიდ ზიანს აყენებს მას. მე ბევრჯერ განმიცდია მსგავსი რამ, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელი და გულდასაწყვეტია.



           
                 გამოკითხვის შედეგები


რას თვლის მოსწავლეთა ნაწილი ემოციურ ძალადობად?
       მოსწავლე
მოსწავლეთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მასწ-ლის მხრიდან საყვედური, შენიშვნა, მუქარა, შეურაცხყოფა ემოციური ძალადობაა.
   
        97%
რას ამბობს მოსწავლეთა მცირე რაოდენობა ამ საკითხთან დაკავშირებით?
       
      მოსწავლე       
მოსწავლეთა ნაწილი თვლის, რომ მასწ-ლის შენიშვნაც და საყვედურიც უკავშირდება მათი კეთილდღეობისათვის ზრუნვას.


       3%





 



       

       

 



   ბავშვის აღზრდა ემოციური ძალადობის ქვეშ იწვევს მისი პიროვნების დეფორმაციას. ხშირია შემთხვევები, როცა მასწ-ლი აიძულებს მოსწავლეს იმის გაკეთებას, რაც მას ფიზიკურად და გონებრივად არ შეუძლია. ამას კი სავალალო შედეგებამდე მივყავართ: ეს იწვევს დათრგუნვას და დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას.
   მოსწავლე, რომლის მიმართაც გამოიყენება სიმკაცრე, დაშინება...იწყებს ფიქრს, რომ არასასურველია, რომ იგი არ უყვართ და მას საკუთარი თავის მიმართ ზიზღის გრძნობა უჩნდება.  ბავშვი ემოციური ძალადობის მსხვერპლია, თუ ის იზრდება იმაზე ფიქრით, რომ ის ცუდი, ჩამოუუყალიბებელი და უნიჭოა.
 
ემოციურ ძალადობას მიეკუთვნება შემდეგი ქმედებები:


  • იზოლირება-ნორმალური სოციალური გარემოდან მოწყვეტა;
  • პრობლემებზე საუბრის უარყოფა;
  • შეურაცხყოფა;
  • მუქარა, დაშინება;
  • დაცინვა;
  • იძულებითი საქმიანობა.
  აუცილებელია ბავშვის  დამსახურებული შექება, მისი დადებითი თვისებების დაფასება, კარგი საქციელის წახალისება. მასწავლებელმა უნდა ასწავლოს ბავშვს სირთულეების გადალახვა. არავინ არ არის იდეალური, ყველა შეიძლება შეცდეს და ყოველი წარუმატებლობა  წარმოადგენს წინსვლისადმი ბიძგს. ბავშვიც ადამიანია და მას უნდა, რომ მის სურვილებს და გრძნობებს ვცეთ პატივი, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი მოთხოვნების მნიშვნელობის არ დაფასება. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, შევუქმნათ მოსწავლეებს  ჯანსაღი სოციალური გარემო და ვაჩუქოთ სითბო და სიყვარული.

No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: