საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Saturday, November 9, 2013

თეონა ცხომელიძესთან ჩაწერილი ინტერვიუ

ამქვეყნად უამრავი პროფესია არსებობს. თითოეულ მათგანს კი თავისებური ხიბლი და სირთულის დონე გააჩნია, თუმცა მათ შორის შესაძლოა ყველაზე ძნელი და ამავდროულად საინტერესო საქმეები გამოვარჩიოთ. იყო ტელე-ჟურნალისტი - ერთი შეხედვით მარტივია. არხზე მუშაობ და მაყურებელს სიტყვებით ხიბლავ, თუმცა ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზის უკან დიდი ძალისხმევა და შრომისმოყვარეობაა ჩადებული. საინფორმაციო გამოშვების პირადაპირი ჩართვები ჩვენთვის უბრალო, ინფორმაციის მიღების საშუალებაა, თუმცა იმას არ ვიაზრებთ რა ხდება რეალურად მათი დამზადების დროს... ბევრი სტრესი და თან იმგავარად გამოსვლა, რომ ეკრანზე არაფერი შეიმჩნიო - ეს ძალიან რთულია.


პირდაპირი ჩართვები კურიერისთვის

როგორია ჟურნალისტობა? რა ძალისხმევა დევს თითოეული ჟურნალისტის შრომაში?- ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად გადავწყვიტე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - ის ჟურნალისტ - თეონა ცხომელიძესთან ჩაწერილი ინტერვიუ შემომეთავზებინა თქვენთვის. თეონა წლებია "კურიერში" მუშაობს და ამასთანავე ყველაზე კარგად აქვს გათვიცნობიერებული, რაოდენ რთულია გახდე ჟურნალისტი, თუმცა ინტერვიუში ამბობს, რომ ბედნიერია ამ პროფესიით და არც არასდროს შეიცვლიდა მას.
- თეონა, თქვენ ჟურნალისტი ხართ. აქედან გამოიმდინარე, ერთ-ერთი ურთულესი პროფესიის მატარებელი. შეგიძლიათ მითხრათ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? რამ განაპირობა თქვენი ტელე-ჟურნალისტობა?

- განათლებით ჟურნალისტი არ ვარ და აბიტურიენტობის დროს სულ სხვა – რეჟისორის პროფესია ავირჩიე. შემდეგ მოვხვდი ერთ–ერთი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში პრაქტიკაზე და მაშინ შევიცვალე გადაწყვეტილება. მიზეზი მარტივია – ეს არის ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი და დინამიური სამსახური.

- ახლა, რომ არჩევანის ზღვარზე იდგეთ, მაინც ჟურნალისტი გახდებოდით?

- ახლა რომ არჩევანს თავიდან ვაკეთებდე, აუცილებლად ჟურნალისტი გავხდებოდი.

- რამდენად რთულია თქვენი პროფესიის განრიგში ჩადგომა? (ვგულისხმობ "თეთრ ღამეებს", ინტერვიუების მოძიებასა და პირადი ცხოვრების გვერდზე გადადებას).

- ბუნებრივია რთულია. 24 საათის განმავლობაში მინიმუმ თორმეტ - საათიანი სამუშაო გრაფიკი გვაქვს, უამრავ სხვადასხვა შეხედულებისა და ხასიათის ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. ამასთანავე, მუდმივად ვფიქრობთ უზარმაზარ პასუხისმგებლობაზე. შესაძლოა ერთი არასწორი სიტყვის გაჟღერებითაც დიდი შეცდომა დავუშვათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვერ ვიტყოდი რომ მთლიანად გვერდზე გადადება მიწევს. ძალიან ძნელია, მაგრამ შესაძლებელია ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება.

- რამდენი ხანია, რაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - ში მუშაობთ და რას იტყვით, დიდი როლი ითამაშა მან თქვენს პროფესიულ წინსვლაში?

- „რუსთვი 2“-ში 2006 წელს მოვედი. მანამდე 2 წელზე მეტ ხანს ვმუშაობდი სხვა ტელეკომპანიაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს პროფესიულ წინსვლასა და გაზრდაში „კურიერმა“ მთავარი, შეუცვლელი როლი შეასრულა და ეს დღემდე გრძელდება. ყოველი დღე ახლის აღმოჩენით, რაღაცის სწავლით სრულდება.

- ყველაზე დამამხსოვრებელ ეპიზოდს ხომ ვერ გაიხსენებდით, რომელიც უკავშირდება თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობს?

- სვეტიცხოვლის რეაბილიტაციის შესახებ რეპორტაჟი იყო ძალიან საინტერესო. მაშინ მთელი ნაგებობა ხარაჩოებით იყო გარშემორტყმული, საიდანაც გუმბათის წვერზე, იქ ავედით, სადაც ჯვარია. ამის შესაძლებლობა ძალიან იშვიათდ, ცოტა ადამიანს თუ ჰქონია. ტაძარში სარემონტო სამუშაოები ხშირად არ ტარდება, ალბათ, მაქსიმუმ საუკუნეში ერთხელ. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა ახლოდან დამეთვალიერებინა კონსტანიტინე არსაკიძის ფრესკა, რომლის დანახვა ქვემოდან შეიარაღებული თვალითაც ძალიან რთულია. თვითონ გუმბათიდანაც საოცარი ხედი იშლება. იმ ადგილებში ადამიანის ფეხი ალბათ დიდი ხნის განმავლობაში აღარ დაიდგმება.

- და ბოლოს, თქვენი აზრით, რამდენად გათვიცნობიერებული აქვთ დღევანდელ თინეიჯერებს საკუთარი მიზნები და რას ურჩევდით მათ?

- მე მგონია, რომ დღევანდელი თინეიჯერები განსაკუთებულები არიან, უფრო განვითარებული და მიზანდასახული ვიდრე თუნდაც ჩემი თაობა იყო. მათ აქვთ დიდი შესაძლებლობები და საშუალება, რომ აკეთონ ის რაც სურთ. მთვარი სწორედ ესაა და ჩემი რჩევაც ამაში მდგომარეობს – კარგად დაფიქრდნენ რისი კეთება მოსწონთ და მთელი ძალიასხმევა, ენერგია, მონდომება იმ საქმისკენ მიმართონ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.
ავტორი თემურ იკოშვილი, წყარო:www.temlog.com

No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: