საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემები

Saturday, November 16, 2013

საგნობრივ კათედრაზე თემის წარდგენა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების საკითხები

აგარის საჯარო სკოლის  ქართული  ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ნინო ჩუტკერაშვილი


              არ  არსებობს სკოლა, რომელშიც  ერთი ბავშვი  მაინც არ არის სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების   მქონე.  ასეთ  მოსწავლეთა  სწავლების  საკითხი  აქტუალურია   და მოითხოვს  დიდ ძალისხმევას  მასწავლებელთა მხრიდან, ქცევის  მართვის  სხვადასხვა  სტრატეგიის  გამოყენებას, სანამ მასწავლებელი კონკრეტული მოსწავლის მიმართ ადეკვატურ  მიდგომას შეარჩევდეს. ამით კი შეძლებს  მიაღწიოს მიზანს-ასწავლოს მისი  შესაძლებლობებისა   და ინტერესების  გათვალისწინებით, ამას  კი შედეგად  მოჰყვება  კეთილგანწყობილი, უსაფრთხო და  ბავშვის კოგნიტური  და სოციალური, პიროვნული  განვითარების  ხელშემწყობი  გარემოს  შექმნა. ინდივიდუალური  სასწავლო  გეგმის  შედგენისას  კი  გათვალისწინებული  უნდა იყოს  შემდეგი  საკითხები: რა  შეიძლება  გაკეთდეს   იმისათვის,  რომ  მოსწავლემ  უკეთესად  იგრძნოს  თავი  სკოლაში  თანაკლასელებთან  და  მასწავლებლებთან ?  რა ჭირდება მოსწავლეს  იმისათვის,  რომ  უკეთ  გამოავლინოს  საკუთარი  შესაძლებლობები? რა დამატებითი  მასალა  შეგვიძლია  გამოვიყენოთ?  რა მეთოდი  ავირჩიოთ  სწავლებისათვის?  როგორ მოვარგოთ  გარემო  ბავშვის  საჭიროებებს?  როგორ გავზარდოთ  სწავლის  მოტივაცია?  გეგმაში  უნდა  დაკონკრეტდეს  პედაგოგის,  მშობლის,  ფსიქოლოგის  მოვალეობანი. ამ  უკანასკნელის  როლი  განუზომელია,  რადგან  ის  რეკომენდაციებს  აძლევს  პედაგოგს,  მშობელს  და ხშირად  მოსწავლისთვის  ამზადებს  საჭირო  თვალსაჩინო  მასალებს. მშობელი  თვალყურს  ადევნებს  სახლში  დავალების  შესრულების  პროცესს  და  სისტემატიური კონტაქტი  აქვს  მასწავლებელთან . უმნიშვნელოვანესია, მასწავლებლებს  სჯეროდეთ,  რომ  შესაძლებელია  სპეციალური  საგანმანათლებლო   საჭიროების  მქონე  მოსწავლეების  აკადემიური  წინსვლა, მათი წარმატება. თუ  ჩვენ  გვაქვს  პრეტენზია, რომ ვიყოთ  დემოკრატიული  საზოგადოების  წევრები, მიზნად უნდა დავისახოთ: ყველა  მოზარდს  ხარისხიანი  განათლება  მივცეთ  და  ეს  განათლება  სპეციალური  საგანმანათლებლო  საჭიროების  მქონე  ბავშვებმა  ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებში  თანატოლებთან  ერთად  მიიღონ. ის სირთულეები  კი, რომლებსაც  ბავშვი  სკოლაში  განიცდის, საგანმანათლებლო  სისტემის  ორგანიზების,  სწავლების  მეთოდიკის  ნაკლად  განიხილება  და  არა  მოსწავლის  სისუსტედ. არადა  ინკლუზიური  განათლება  ეფუძნება  მიდგომას,  რომლის ცენტრშიც  მოსწავლეა  თავისი  შესაძლებლობებითა  და  საჭიროებებით, ხოლო  სწავლების  მეთოდები  და  სტრატეგიები  ამ  შესაძლებლობებსა  და  საჭიროებებზეა  მორგებული. ამით  კი  მოსწავლეთა  ინდივიდუალობა  დაფასდება  და  მათი  განსხვავებული  საჭიროებები  დაკმაყოფილდება.  ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი  ფიგურა  კი, ვისაც  ამ  საქმის  წარმართვა  შეუძლია  მასწავლებელია, რომელმაც  იცის, რომ  ყველა  მოსწავლე  უნიკალურია  და  განსხვავებული  თავისი  ინდივიდუალური  ფიზიკური  და ფსიქიკური  მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი  გამოცდილებით, აკადემიური  საჭიროებებით  და სწავლის  სტილით.      

       დღეს  მასწავლებელი  ურთულეს  მოთხოვნებს  უნდა  ასრულებდეს, რომელმაც  სრულფასოვან  და  შეზღუდული  უნარების  მქონე  მოსწავლეებზე  ერთნაირად  უნდა  იზრუნოს. ეს  კი  პედაგოგს  ტრადიციულთან  ერთად  სპეციფიკურ  მოთხოვნებსაც  უყენებს.  მიზნის  წარმატებით  განხორციელება  გარკვეულწილად  დამოკიდებულია  მათ  აქტივობასა  და  ქმედებებზე  ანუ  იმაზე, თუ  რამდენად  შეძლებენ  ისინი  მოემზადონ  თავად  და  მოამზადონ  კლასი  შეზღუდული  შესაძლებლობების  მქონე  ბავშვების  მისაღებად.  კარგი  იქნება,  თუ  ჩვენ  მართებულად  მივიჩნევთ  და  მივიღებთ  სალამანკას  დეკლარაციით  შემოთავაზებულ  რეკომენდაციებს:  „სკოლებმა  უნდა  შეძლონ  მოსწავლეთა  განსხვავებული  საჭიროებების  იდენტიფიკაცია, გამოიყენონ  სწავლების  განსხვავებული  სტილი  და ტემპი,  უზრუნველყონ  ყველასათვის  ხარისხიანი  განათლება  ადეკვატური  სასწავლო  პროგრამების,  ორგანიზაციული  ღონისძიებების,  სასწავლო  სტრატეგიებისა  და  რესურსების  გამოყენებით...“

No comments:

Post a Comment

შეიძლება მოგეწონოთ შემდეგი პოსტები: